როსპოტრებნადზორის თანამშრომლებმა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ბათუმიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი შეამოწმეს. მიზანი მაღალი ტემპერატურის მქონე მგზავრების გამოვლენა იყო.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით დომოდედოვოს აეროპორტში სანიტარულ–საკარანტინო კონტროლის თანამშრომლებმა განახორციელეს ურალის ავიახაზების ბათუმი–მოსკოვის რეისის საჰაერო ხომალდის დათვალიერება“– ნათქვამია როსპოტრებნადზორის განცხადებაში, რომელსაც ინტერფაქსი ავრცელებს.
ექიმებმა უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენეს და ერთი ბავშვი აღმოაჩინეს ტემპერატურით 38.0. როსპოტრებნადზორის სპეციალისტებმა ბორტზე აეროპორტის მედპუნქტის ექიმი გამოიძახეს. “დიაგნოზი –ფარინგიტი. თუმცა მშობლებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ბავშვი სახლში წაიყვანეს. სხვა დაავადებული მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ გამოვლენილა“– ამბობენ როსპოტრებნადზორის პრეს სამსახურში.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ჯამში მგზავრები სულ 30 წუთით შეაფერხეს და უწყების თანამშრომლების ქმედებები ჩატარდა საერთაშორისო მედ–სანიტარული წესების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის 8 ივლისიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.