რუმინეთის ექსპრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი

{{ARTICLEIMAGE}}

 

რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, იონ ილიესკუს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 1989 წლის დეკემბრის ანტიკომუნისტური ამბოხების დროს ჩადენილ ქმედებებს.


 

 

“იმ დროს ილიესკუს მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო ზომებმა ხელი შეუწყო ძალადობას ნიკოლაი ჩაუშესკუს დამხობის შემდეგ, რის შედეგად 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა, დაიჭრა 2100–ზე მეტი ადამიანი“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



პროკურორებმა ილიესკუს გარდა საქმე აღძრეს რუმინეთის ყოფილ ვიცე–პრემიერზე, ჯელუ ვოიკან ვოიკულესკუზე და კიდევ სამ ყოფილ ჩინოვნიკზე.

ილიესკუ, რომელიც ამჟამად 88 წლის არის, ჩაუშესკუს მმართველობის დროს მინისტრი იყო. შემდეგ კი ნაციონალური გადარჩენის ფონდის მეთაური. 2000–2004 წლებში იონ ილიესკუ რუმინეთის პრეზიდენტი იყო.

 

ილიესკუ პირველი ექსპრეზიდენტი არ არის, რომელსაც ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს. არგენტინის ყოფილ დიქტატორს, ხორხე ვიდელას არგენტინულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მან ეგრეთწოდებული “ბინძური ომის“ დროს ჩაიდინა. არგენტინის სათავეში მყოფი ხუნტა მისი მეთაურობით 1976–1983 წლებში თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდა და ანადგურებდა.


2016 წლის მარტში კი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ ცნო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კონკრეტულად სერბენიცაში მუსულმანთა გენოციდში და მას  40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კარაჯიჩის სასამართლო თითქმის 500 დღე გრძელდებოდა. ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებდა. დღეისათვის ის არის ყველაზე მაღალჩინოსანი ბრალდებული ჰააგის ტრიბუნალის ისტორიაში. 13 წლის მანძილზე ის მართლმსაჯულებას ემალებოდა  და 2008 წელს ბელგრადში დააკავეს.