რურუას პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გიორგი რურუას სასამართლო პროცესის პარალელურად მოძრაობა ,,სირცხვილიას” აქტივისტები , ენმ-ის და ევროპული საქართველოს წევრები მის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

გიგი უგულავას თქმით, რურუა პოლიტპატიმარია, ამიტომ აქციაზე მის წინააღმდეგ პოლიტიკური საქმის შეწყვეტას ითხოვს.

,,იარაღიც აღარ სჭირდებათ. ამიტომაა, რომ საქმეში იარაღი არც იყო, მერე რაღაც მორიგე იარაღი იპოვეს, რომელზეც ადგნენ და პურზე რომ ჯემს წაუსვამ, ისე წაუსვეს რურუას დნმ. ვითხოვთ, ბუნებრივია, გიორგის რურუას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ზოგადად ვითხოვთ ყველა პოლიტიკური საქმის შეწყვეტას,” – ამბობს უგულავა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას იარაღი მთავარი არხის და სირცხვილიას დაფინანსების გამო ჩაუდეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ სენატორების და კონგრესმენების წერილები სწორედ ამ ტიპის დაკავებებს უკავშირდება.

რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

გიორგი რურუა საპროტესტო მოძრაობა ,,სირცხვილიას” აფინანსებდა. ის ,,მთავარი არხის” მეწილეც არის.