რუსეთი ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ფრენებს უკრძალავს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ფრენების შეჩერების მიზეზი ფრენის უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ვადაგადაცილებული დავალიანებაა, რომელიც ქართულ მხარეს მართებს. აეროსანავიგაციო მომსახურებისთვის საქართველოს დავალიანება დაახლოებით 793 000 დოლარია.
“ფრენები შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ რუსულ მხარეს არ წარუდგენენ კომპანიების – Georgian Airways და MyWay Airlines საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას, მათ აუდიტს და რუსული მხარის თანხმობას, ასევე იმ მომენტამდე, სანამ ქართული მხარე სრულად არ დაფარავს საჰარო ნავიგაციის მომსახურების დავალიანებას“–ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობა ასევე აცხადებს, რომ მზად არის ქართულ მხარეს კონსულტაციები გაუწიოს.
გუშინ საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს და მიზეზად რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც საქართველოში 20–21 ივნისს განვითარდა.