ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, დაანგრიოს მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს.
,,საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს და განახორციელეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და პოზიციის გამოხატვისთვის”,-წერს მამუკა ბახტაძე ,,ტვიტერზე”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით “I’LL BE BACK” (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები “პროსერვისის” სერვერებზე იყო ატვირთული.
მომხდარი კიბერთავდასხმა დაგმეს დანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა.