რუსეთი საქართველოს ორ არჩევანს სთავაზობს – კარასინის მორიგი მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თბილისს არჩევანის წინაშე აყენებს. რუსი დიპლომატის “რჩევით”, საქართველომ ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი უნდა აირჩიოს. ამბობს, რომ ამის ერთდროულად გაკეთება რთულია, რასაც ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება, მოჰყვეს.

“კომერსანტთან” ინტერვიუში კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ადგილიდან დაიძრა.

“ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან. ისინი საუბრობენ NATO-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში NATO-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემებს გამოიწვევს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა. აქაც საკითხი აბსოლუტურად იგივენაირად დგას. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრინციპიალური სირთულეების გათვალისწინებით, საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, განაცხადა კარასინმა.

წყარო – ინტერპრესნიუსი