რუსეთიდან ხალხი მომივიდა და დიდი თანხა შემომთავაზეს, რომ თბილისს დავტაკებოდი – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლის მიზანი პანკისის ხეობაში არეულობის მოწყობა იყო.
„მე ძალიან დიდი ეჭვები გამიჩინა, რაღაც ამბავმა. თემირლანის დაკრძალვიდან მესამე დღეს რუსეთიდან ხალხი მომივიდა და დიდი თანხა შემომთავაზეს, რომ თბილისს დავტაკებოდი. მგონია, რომ თემირლანი იმის გამო მოკლეს, რომ ხეობაში არეულობა მომხდარიყო. კი გამოვედი ვიბრძვი, მაგრამ როდესაც იძახიან ჩემზე „ნაცი“ გახდაო არ გავხმდარვარ. ვინც კი ჩემთან მოვა და გვერდით დამიდგება იმასთან ვიქნები. ვითხოვ, რომ სამართალი მაპოვნინონ. არც ერთი პარტია არ მაფინანსებს, არც დავუშვებ ამას. მე თუ ვინმესგან ფული ავიღე ავტომატურად მათ ხელქვეითად აღმოვჩნდები, ამიტომ არ მჭირდება ეს ყველაფერი. ჩემი ღირსება და სინდისი მაქვს მე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშილმა.
2017 წლის დეკემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თერმილან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სუსმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მალხაზ მაჩალიკაშვილი დღემდე ხელისუფლებას სთხოვს, უთხრან რატომ მოუკლეს უდანაშაულო შვილი და ამ მიზნით, პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობს.
1-ელ ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.