რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ, თანამშრომლობისთვის დაბრკოლება არ არის- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებებლად ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის.

16 იანვარს, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, მაკრონმა თავის გადაწყვეტილებას, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას, დიდხნიანი განსჯის შედეგი უწოდა.

“ეს გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში მოვიდა. ეს იყო ისტორიული და სტრატეგიული განსჯის შედეგი”,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობას, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ომს აწარმოებს და არღვევს ,,საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას” მაკრონი პასუხობს, რომ ,,თუ გაყინული კონფლიქტების მოგვარებას დაელოდები, ლოდინი დიდხანს მოგიწევს”.

“რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენ ვცდილობთ გაყინული კონფლიქტების გადაჭრას, მაგრამ თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს”,- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.