ვენსუელას ოპოზიციის ლიდერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ რომელიც ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის მეთაური იყო,გუშინ კარაკასში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.
მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში პატიოსან არჩევნებს ჩაატარებს და გარდამავალ მთავრობას შექმნის ქვეყანაში ჰიპერინფლაციის (ინფლაცია ამ ქვეყანაში წლიურ 2 მლნ პროცენტს აღწევს) და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. გარდა ამისა, გუაიდომ პირობა დადო, რომ არ დასჯის სამხედროებს, რომლებიც პრეზიდენტ მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში დაეხმარებიან.
ქვეყნის შეიარაღებული ძალები და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები კვლავ მოქმედი პრეზიდენტის, მადუროს კონტროლ ქვეშ რჩება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ ტვიტერში დაწერა, რომ სამხედროები გუაიდოს ვენესუელას ახალ პრეზიდენტად არ აღიარებენ.
ვინ აღიარა ახალი პრეზიდენტი
პრაქტიკულად მაშინვე, როგორც კი გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ოფიციალურად აღიარა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად. ამერიკის ლიდერმა მადუროს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური შტო პარლამენტია.
საპასუხოდ მადურომ აშშ–სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა და ამერიკელ დიპლომატებს 72 საათი მისცა ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მან უკანონო გადატრიალების მცდელობა უწოდა და ვენესუელელი სამხედროებისგან ერთგულება მოითხოვა. შეიარაღებული ძალები ძალაუფლების შესანარჩუნებლად მადუროს მთავარი დასაყრდენია.
აშშ–ს გარდა ვენესუელას ახალი პრეზიდენტი მალევე ლეგიტიმაურად სცნეს: კოლუმბიამ, ბრაზილიამ, პერუმ, არგენტინამ, პარაგვაიმ, ჩილიმ, ეკვადორმა, პანამამ, გვატემალამ, კოსტა რიკამ, გონდურასმა, კანადამ და საქართველომ.
ვინ დაუჭირა მხარი მადუროს

მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს: ბოლივიის, კოლუმბიის და კუბის ხელისუფლეებმა. მექსიკის ხელისუფლებას პირდაპირი მხარდაჭერა არ გამოუთქვამს, თუმცა ვენესუელელებს მოუწოდა ხელისუფლება კანონიერი მექანიზმების საშუალებით აირჩიონ. მადუროს მთავრობის მხარდაჭერის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა, პირადად დაურეკა და უთხრა:“ ძმაო მადურო, გამაგრდი! ჩვენ შენთან ვართ!“ ამის შესახებ ტვიტერზე თურქეთის ლიდერის პრეს მდივანმა დაწერა. ის ამბობს, რომ თურქეთს გადატრიალების მცდელობების მიმართ პრინციპული პოზიცია აქვს.
მადუროს მალევე მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ–ს დააკისრა.
“ვაშინგტონის უცერემონიო ქმედებებში ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების ტოტალურ იგნორირებას, სხვა ხალხების ბედის განმკარგავის როლის თვითნებურად მითვისების მცდელობას“ – ნათქვამის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ინტერესები ვენესუელაში

ათწლეულზე მეტია რუსეთი და ვენესუელა ახლო პარტნიორები არიან, განსაკუთრებით სამხედრო და სამხედრო–ტექნიკურ სფეროში. ამ თანამშრომლობას საფუძველი ჯერ კიდევ უგო ჩავესის მმართველობის დროს ჩაეყარა.
რუსეთისთვის ეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია მისი გეოგრაფიული მდებარეობის – აშშ–სთან სიახლოვის გამო. 2018 წელს ვენესუელაში ერთობივ სამხედრო წვრთნებზე ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ჩაფრინდა. მანამდე ეს ბომბდამშენები ვენესუელას ორჯერ – 2013 და 2008 წლებშიც სტუმრობდნენ. 2008 წელს ვენესუელას ატომური სარაკეტო კრეისერი, “პეტრე დიდიც“ ეწვია.
2001 წლიდან ამ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას და ვენესუელას არმიამ, რომელიც ტრადიციულად დასავლური წარმოების იარაღს იყენებდა, რუსული იარაღის შესყიდვა დაიწყო.
2018 წელს მადურო მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ხელი მოეწერა კონტრაქტებს რუსეთის მიერ კარაკასისთვის 6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ნავთობმომპოვებელი და სამთომომპოვებელი, ძირითადად ოქროს მომპოვებელი საქმიანობის მხარდასაჭერად.
მანამდე, 2006 წლიდან რუსეთს ვენესუელასთვის 17 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტი აქვს გამოყოფილი. აქედან ნაწილი სწორედ რუსული იარაღის შესაძენად. ქვეყანაში მუდმივი კრიზისების გამო რუსეთი იძულებული გახდა ამ კრედიტის რესტრუქტურიზაცია ორჯერ მოეხდინა.
პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემდეგ რა ბედი ელის რუსეთის ვალს, უცნობია.
აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი და კუბა ვენესუელასთან “ვალის დიპლომატიას“ აწარმოებენ და რომ მადუროს მიერ დადებული ბევრი ხელშეკრულება პარლამენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ვენესუელაში უზარმაზარი ინტერესები აქვს როსნეფტსაც. 2014 წელს მან ვენსუელას 6.5 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ნავთობის მიწოდების საავანსო ღირებულების სახით.
პრობლემები ბოლო პერიოდში ამ კრედიტისა დაფარვასა და ნავთობის მიწოდებაშიც შეიქმნა. პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი საქმე უფრო გაგრთულდება. უზურპატორად გამოცხადებული მადუროს პრობლემები როსნეფტის აქციების ღირებულებაზე უკვე აისახა.
ვენესუელასთან საკუთარი ინტერესებით დაკავშირებულიები არიან რუსული ვითიბი ბანკი და გაზპრომბანკიც, რომლებიც ვენესუელას მთავრობის მიერ შექმნილ ფონდთან ერთად ბანკის “ევროფინანს მოსნარბანკის“თანამფლობელები არიან.











