რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.