რუსეთის პატრიარქმა ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა, კირილე პირველმა რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა მიულოცა. პატრიარქის მილოცვა აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. კირილემ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ჯანმრთელობა, ღვთის წყალობა და წარმატება უსურვა.

“იმედი მაქვს, რომ თქვენი სამომავლო საქმიანობისას, როგორც ადრე, დიდ ყურადღებას დაუთმობთ ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, სასულიერო-მორალურ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოების კონსოლიდაციისა და თანხმობის გამყარებას”,  აღნიშნულია მისალოც წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი, ალჰას კვიციანი დაამარცხა და დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.