რუსეთის საფრთხის ფონზე ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა

2018 წელს ევროპის ქვეყნებში სამხედრო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავდაცვის ხარჯების გაფართოება ძირითადად რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდებოდა. ინფორმაციას ამ საკითხზე “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

სტოკჰოლმში დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ -მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა- დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შარშან უკრაინაში სამხედრო დაფინანსება 21%-ით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

პროცენტულად, უკრაინის მსგავსი მატება დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, ლატვიაში და ლიეტუვაში. სომხეთში თავდაცვის ბიუჯეტი 33%-ით გაიზარდა, ბოსნია-ჰერცოგოვინაში – 26-ით, ბულგარეთში – 23, ყაზახეთში – 16.

საქართველოში, ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2017 წელს სამხედრო ბიუჯეტი 308 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. 2018 წელს კი 312 მილიონამდე გაიზარდა.