რუსეთის საგარეო უწყება მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციებს მოელის

საქართველოს ხელისუფლებისგან, 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, პროვოკაციები მოსალოდნელია. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში არსებობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულება ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე, კანონდარღვევად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით და პატიმრობითაც კი ოთხ წლამდე ვადით“, – განაცხადა კობრინეცმა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში გამოდის მოწოდებით, რომ ეს კანონი გამოყენებული იყოს ევროსაბჭოს ღონისძიებებისადმი.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები მაისში დაგეგმილი ღონისძიებისას, რუსმა დიპლომატმა დადებითად უპასუხა.

„ხსენებულ კანონზე – როგორ უნდა გამოიყენონ ის – დაე, თბილისში იმსჯელონ, მაგრამ ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში საქართველოზე, დაკისრებულია ვალდებულება, პირველ რიგში, უზრუნველყოს მონაწილეთა თავისუფალი შესვლა და მუშაობისთვის კომფორტის შექმნა, მეორე – რაც მოცემულ სიტუაციაში გაცილებით არსებითია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება. შეძლებენ თუ არა ჩვენი ქართველი პარტნიორები ამის შესრულებას – დარწმუნებულები არ ვართ“, – განაცხადა კობრინეცმა.