რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სასჯელს ამკაცრებს. კანონში ახალი მუხლი შევიდა დანაშაულებრივი იერარქიის ლიდერობისათვის და დადგინდა პასუხისმგელობა დანაშაულებრივი ჯგუფების შეკრებებში მონაწილეობისთვის. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა სახელწოდებით: “დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი პოზიციის დაკავება“. ამ დანაშაულისთვის 8–დან 15 წლამდე პატიმრობა და 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმაა გთავალისწინებული.დანაშაულებრივი სამყაროს წევრობა, დაჯგუფების შექმნა ან მის შეკრებებში მონაწილეობა ““კანონიერი ქურდებისთვის“ 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. კანონპროექტი პარლამენტში თებერვალში თავად პუტინმა შეიტანა.
განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერები დანაშაულებრივ საქმიანობას ხელმძღვანელობენ და ამიტომ საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა დანაშაულებრივ იერარქიაში მათი მაღალი მდგომარეობის გამო, როგორც წესი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.
დუმაში კანონპროექტის განხილვისას პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მსგავსებაზე საქართველოს კანონმდებლობასთან, სადაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ “ქურდულ სამყაროს“ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადეს.
ბიბისი რუსული კანონმდებლობის ცვლილების შესახებ წერს და ქართულ გამოცდილებასაც იხსენებს. მათ შორის 2010 წელს მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ რუსული ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს: “ყველა ჩვენი ქურდი ახლა ან თქვენთან არის, ან ევროპაში.“
ბიბისი წერს, რომ ეს რეფორმა მაშინდელი ხელისუფლების სიამაყის საბაბი იყო.ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი წარსულში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი – ვანო მერაბიშვილი ციხეში აღმოჩნდა. ის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების სიმბოლოა. წინა ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის კი, რომელმაც დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლის მკაცრი მეთოდები აირჩია, ის დამნაშავეთა სამყაროსთან შეურიგებელ მებრძოლად რჩება.
ბიბისი წერს, რომ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით კამათი კვლავ გრძელდება, თუმცა “ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლაში ამჟამინდელი ხელისუფლება არათუ არ ამსუბუქებს კანონმდებლობას, არამედ ამკაცრებს კიდევაც და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას მნიშვნელოვან პრიორიტეტად აცხადებს.