რუსეთში პოლიციას ნარკოკურიერი კატა გაექცა

რუსეთში,  ქალაქ ნოვომოსკოვსკში პოლიციას ნარკოკურიერი კატა გაექცა. ინფორმაციას ამის შესახებ  უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, მე-6 ციხის პატიმარი ე.დ. საპატიმრო დაწესებულებაში ნარკოტიკების შესატანად კატას იყენებდა. კატის საყელურში სპეციალური ჯიბე იყო მოთავსებული, რომელშიც პატიმრის მეგობრები ნარკოტიკებს ათავსებდნენ, შემდეგ კი კატას ციხის ტერიტორიაზე უშვებდნენ ნარკოტიკის გადასატანად. 

სამი საიდუმლო მოწმის ჩვენების, საფუძველზე დადგინდა, რომ ე.დ-სგან ციხეში ნარკოტიკებს ყიდულობდნენ, კატა კი საქმეში ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.

2018 წლის აგვისტოში ნარკოკურიერი კატა სპეციალურ დაწესებულებას გადასცეს, სადაც ის სასამართლო პროცესამდე უნდა შეენახათ. რამდენიმე დღის წინ ბრალდებულის ადვოკატმა კატის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, კატა გალიიდან ჯერ კიდევ ზამთარში გაიქცა.

ადვოკატების განცხადებით, მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების დაკარგვის გამო საქმე შესაძლოა დაიხუროს.