დღეს, პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველი საპარლამენტო სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსი დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. სხდომა ოპოზიციის პროტესტის გამო შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
საქართველოს ბიუჯეტს მართლამადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსი დეპუტატები, მათ შორის სერგეი გავრილოვიც ესწრება, 30 270 ლარი დაუჯდა. მართლმადიდებლური ასამბლეა გუშინ გაიხსნა, სადაც ისევე როგორც დღეს, სიტყვით გამოვიდა სერგეი გავრილოვი. მან თქვა, რომ საქართველო მისი სამშობლოა და კითხვაზე უქმნის თუ არა დისკომფორტს იმ ქვეყანაში ყოფნა, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე უპასუხა: “არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა”.
ეს არ არის პირველი წელი, როდესაც ასაბლეა ტარდება – პარლამენტს გასულ წელს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება ოდნავ მეტი 30 770 ლარი დაუჯდა, ასამბლეას მაშინაც ესწრებოდნენ რუსი დეპუტატები.
მართლმადიდებულური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 ქვეყნის დელეგაციას მოიცავს. საქართველოში ასამბლეა 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით იმართება და კათოლიკოზ-პატრიარქის ილია II-თან შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიღებას, ფილმის ჩვენებას, გამოფენებში მონაწიელობასა და პარლამენტის სხდომებს მოიცავს.
შეგახსენებთ რომ ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. 19 საათისთვის დანიშნული აქცია დროზე ადრე დაიწყო. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ. მთელი დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შიგნით და სასტუმრო რედისონთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის დარბაზში რუსი დეპუტატების ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.