რუსი ტურისტების უმრავლესობას, რომლებიც ამ ზაფხულს და შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ ჯერჯერობით ტურები არ გაუუქმებიათ. საუბარია ტუროპერატორებთან შეძენილ ტურებზე. “ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად შექმნილი სიტუაცია არც ისე კრიტიკულია. ტურების ანულირების რაოდენობა მინიმალურია“ – განუცხადეს ინტერფაქსს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში.
კითხვაზე, როგორ აპირებენ ტურისტები საქართველომდე მიაღწიონ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა 8 ივლისიდან ყველა ავიარეისი აკრძალა, ასოციაცია აზუსტებს, რომ ამ თარიღის შემდეგ ბევრი ტურისტი ბილეთებს ტრანზიტულ რეისებზე ჯავშნის. რუს ტურისტებს ტუროპერატორები სთავაზობენ ბაქომდე და ერევნამდე ჩაფრენას, იქიდან კი საქართველომდე უფასო კომფორტული ავტობუსებით გადაყვანას.
წინასწარი მონაცემებით რუსულ ავიაკომპანიებს წლის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით 200 000 ბილეთი აქვთ გაყიდული. აქედან ყველაზე დიდი წილი ივლის–აგვისტოს პერიდზე მოდის. ქართული ავიაკომპანიების მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა სავარაუდო რიცხვის წარმოდგენა შესაძლებელია: გასულ წელს ქართულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მოქალაქეებზე დაახლოებით 150 000 ბილეთი გაყიდეს. რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ გადამზიდავებისთვის კომპენსაციის საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავს. კომპენსაციის თანხა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა რუსული გაზეთის, კომერსანტის ინფორმაციით კომპანიებს მგზავრებისთვის გამოუყენებელი ბილეთების სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიარდამდე რუბლის დაბრუნება მოუწევთ.