რუსი ტურისტების თვალით დანახული “აფხაზური კოშმარი“

{{ARTICLEIMAGE}}ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის მუდმივად ღია და ხელმისაწვდომია. რუსი ტუროპერატორები მრავალი წელია საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთში დასასვენებლად სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობენ და აფხაზეთს “ქვეყნად“ მოიხსენიებენ. ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი ჩადის რუსეთიდან აფხაზეთში დასასვენებლად არ იძებნება, თუმცა ბოლო წლებში ტურისტების ნაკადი ოკუპირებულ აფხაზეთში რომ შემცირდა ამას რუსი ტუროპერატორები ადასტურებენ. 2018 წელს აფხაზეთში მდებარე სასტუმროებმა და პანსიონებმა ფასები მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ მაინც იკლო. ზაფხულში apsnypress–თან საუბარში ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ სასტუმროების დატვირთვა 30–50%-მდე მერყეობდა და დამსვენებელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

ამის მიზეზი არაერთია. რა თქმა უნდა, დიდი კონკურენცია სხვადასხვა უცხოური კურორტების მხრიდან ერთ–ერთი მთავარია, თუმცა აფხაზეთი რუსებისთვის ტერიტორიული სიახლოვის და სიიაფის გამო მაინც მიმზიდველად რჩებოდა. როგორც ჩანს, ეს უპირატესობები ვეღარ წონის იმ უსიამოვნებებს, რაც ტურისტებს აფხაზეთში ელით.

თვით იმ გვერდებზეც კი, რომლებზეც ტურისტებს აფხაზეთში დასვენებას სთავაზობენ, რამდენიმე გაფრთხილებაა აფხაზეთში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ:

პირველი და მთავარი პრობლემა, რის შესახებაც ტურისტებს აფრთხილებენ საქონელზე და მომსახურებაზე არანორმალურად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, ტურისტების მოტყუება აქ როგორც ჩანს ჩვეულებრივი მოვლენაა – შესაძლოა დეგუსტაციისას სრულიად სხვა ღვინო ან თაფლი გაგასინჯონ, ყიდვისას კი სულ სხვა მოგცენ. ძირითადად ტურისტებს გაყალბებულ პროდუქტს სთავაზობენ, როგორც ადგილობრივ ღვინოს ან თაფლს.

რუსული საიტები ხაზს უსვამენ, რომ “აფხაზეთთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციის და 1992–93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად აქ სიტუაცია სტაბილურია “ და აქ რუსი ტურისტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, თუმცა პოტენციურ ტურისტებს მაინც აფრთხილებენ, რომ ქვეყანაში წვრილმანი ქურდობა და თაღლითობა მეტისმეტად გავრცელებულია და არ ღირს სასტუმროს ნომერში ან მანქანაში ნივთების უმეთვალყურეოდ დატოვება. ე.წ. ჯიბის ქურდობა ტურისტებისთვის ერთ–ერთ მთავარ საფრთხედ რჩება. თუმცა იყო შეიარაღებული თავდასხმის ფაქტებიც. მაგალითად, 2016 წელს რუსი ტურისტებით სავსე ავტომანქანა გზაზე ავტომატებით დაცხრილეს. 2017 წლის ივლისში რუსი დამსვენებლების ოჯახს პლაჟზე თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

 

ერთ–ერთი ვებ-გვერდი ტურისტებს ურჩევს მასპინძლებს მთელი ფული თავიდანვე არ გადაუხადონ საცხოვრებლისა და სხვადასხვა მომსახურებისთვის, რადგან “სტუმარი ძირითადად მხოლოდ იქამდე აინტერესებთ, სანამ ფული აქვს და მის დახარჯვას აპირებს. როგორც კი ფულს გადაუხდით, თავიდან კეთილი და მომღიმარე მასპინძელი უცებ იცვლება და სულაც აღარ აინტერესებს თქვენი ბედი. “

ყველაზე მეტ ინფორმაციას აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ რუსული ინტერნეტ ფორუმები იძლევა, რომლებზეც ტურისტები საკუთარ შთაბეჭდილებებს აზიარებენ. ბევრი მათგანი წერს, რომ აფხაზეთში დასვენება უყვარს მისი სიიაფის და საოცარი ბუნების გამო. თუმცა კომენტარების დიდი ნაწილი ისეთ სურათს ხატავს, რომელიც იქ ჩასვლის სურვილს ნაკლებად ტოვებს.

ყოველი მეორე დამსვენებელი აღნიშნავს:

ტელეფონის და სხვადასხვა ნივთების ქურდობას.

სასტუმროების და პანსიონატების მძიმე მდგომარეობას, საშინელ სერვისს.

საშიშ მდგომარეობას გზებზე, ავარიების დიდ ალბათობას და მილიციის კორუმპირებულობას.

ადგილობრივების უხეშ დამოკიდებულებას, თაღლითობას, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს, ნაყალბევ პროდუქტს, ანტისანიტარიას, მოწამვლას, ცუდ სამედიცინო მომსახურებას. უსიცოცხლო, დამთრგუნველ გარემოს და დანგრეულ შენობებს.

გთავაზობთ იმ ტურისტების რამდენიმე კომენტარს ვინც აფხაზეთში 20018 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე დაისვენეს.

აფხაზეთი – არა! არა! არა!

ამ ზაფხულს ადლერში ვისვენებდი და გადავწყვიტე აფხაზეთში ექსკურსიაზე წავსულიყავი. ამხანაგებო, ეს სულ სხვანაირად წარმომედგინა. გზები ვიწროა , მძღოლები წესებს არ იცავენ და შემხვედრ მანქანას არ ერიდებიან, გზაზე ძროხები სეირნობენ და იქვე სძინავთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გარშემო მარტო ნანგრევებია. ადგილობრივები რუსებს ძაღლებივით ექცევიან. დაჟინებით გთავაზობენ ფოტოს გადაღებას ხან ფრინველებთან, ხან ქუდით, ხან ძველისძველ ფაფახს დაგახურავენ და მერე ამაში ფულს გთხოვენ. გზაც აგვებნა და მაღაზიის გამყიდველს ვკითხეთ როგორ წავსულიყავით. თუ რამეს იყიდით გეტყვით, თუ არადა არ გეტყვითო მაღაზიის გმყიდველმა. რიწის ტბაზე ვისადილეთ. 350 რუბლად ფაფა, ორი ნაჭერი ყველი და ორი ნაჭერი ხორცი გვაჭამეს, რომელიც დაძველებულ მწვადს გავდა. საშინლად მოვიწამლე. არაფერი იქ არ ჭამოთ. ტუალეტები საშინელია და თან ფასიანი. გართობა – ნოლი. რაც არ უნდა გადამიხადონ იქ აღარ წავალ. სანახავი არაფერია.

04 ოქტომბერი 2018
ევგენი

არ წახვიდეთ აფხაზეთში დასასვვენებლად. დღისით, მზისით გაგქურდავენ. მილიცია არ მუშაობს, თავისებს არ წირავენ. რუსები არ უყვართ. მაღაზიებში გატყუებენ.

ალა

17 ნოემბერი 2018

ყველაზე საშინელი მოგზაურობა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. (არადა ბევრს ვმოგზაურობ.) ყოველთვის თან მაქვს სადეზინფექციო სპრეი, სალფეტკები და ა.შ. მთელი ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობების მანძილზე პირველად ისე მოვიწამლე, რომ ორი კვირაა რეაბილიტაციას ვცდილობ. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ბაზარში, არც ადგილობრივი პროდუქტების მაღაზიაში. არანაირი წვენი, “შინაური ღვინო“ (სინამდვილეში ფხვნილისგან გაკეთებული კონცენტრატია). საშინელი ჭუჭყი, ანტისანიტარია, ძროხები, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ და იქ მოისაქმებენ, სადაც მოუნდებათ, რაღაცნაირი ტოქსიკური მტვერი, ჰაერშიც კი. საზოგადოებრივი ტუალეტები – ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თუ აფხაზეთში მოხვდით, ჯობს საერთოდ არ ჭამოთ საჭმელი, რადგან წვენის, ყველის, “მთის თაფლის“ მაგივრად აქ გაუგებარ ნარევს ყიდიან. რაც გავსინჯე, ყველაფერი საშინლად უგემური და ხელოვნური იყო. სასტუმროს მფლობელები, რომლებიც თვითონაც რუსები არიან, პოსტფაქტუმ გამომიტყდნენ, რომ სასტუმროს ტერიტორიის გარეთ, რომელიც სამმეტრიანი ღობით არის დაცული მხოლოდ გადაუდებელ საქმეებზე გადიან.

დისტანციის, პირადი სივრცის, ტაქტის, კეთილმეგობრობის განცდა ადგილობრივებისთვის უცხოა. ყველგან დაძაბული, ეჭვიანი მზერით გხვდებიან. “სულიერების ქვეყანა“ შექმნილი მითია, რომელიც ჯერჯერობით კარგად იყიდება. უკანა გზაზე საზღვრის გადმოლახვისას ბედნიერებისგან ვტიროდი, თითქოს ციხიდან გამოვედი. არადა როგორ ვოცნებობდი იქ წასვლაზე, როგორი კაშკაშა ფოტოები იდება ბლოგებზე აფხაზეთიდან… ადგილობრივი ბუნების სილამაზე აღარც კი მახსენდება სამწუხაროდ. საშინელი და მძიმე შეგრძნება დამიტოვა ამ მოგზაურობამ. ქვეყანა (თუ შეიძლება ქვეყანა ეწოდოს) წარსულშია ჩარჩენილი…. და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ომი იქ ჯერ არ დამთავრებულა.

28 სექტემბერი2018
კატერინა ვლადიმეროვნა

აფხაზეთის პლიუსები და მინუსები

მინუსები:
1. საზღვრის გადალახვა. 2012 წელს ათ წუთში გავიარეთ. 2016 წელს ერთი საათი ვიდექით ხალხის მასაში: პატარა დარბაზი, არანაირი დასაჯდომი. ბავშვები ტირიან.
2. აფხაზეთში ყველგან ქურდობენ: სამარშუტო ტაქსებში, პლაჟზე, პანსიონატში შეიძლება თქვენი არყოფნისას ოთახიდან რაღაც მოგპარონ.
3. თუ ტალღებზე ნებივრობა გადაწყვიტეთ სიურპრიზებისთვის მზად იყავით… გვერდით მოულოდნელად შეიძლება ნამწვავები, პოლიეთილენის პარკები, საფენები ამოტივტივდეს. დიახ, დიახ!
4. გაგრის პარკი მიგდებული და მოუვლელია.
5. დამღლელია ექსკურსიები ხანგრძლივი გაჩერებებით და დეგუსტაციებით. ჯობს თქვენ თვითონ იაროთ სამარშრუტო ტაქსით ახალი ათონიდან სოხუმამდე და ა.შ. ან მანქანით მთებში ჩანჩქერებთან და ტბებთან.
6. სამედიცინო დახმარების არარსებობა. აფთიაქებში ბევრს ვერაფერს იპოვნით, თუ რამე დაგემართათ.
7. ბავშვების გასართობი არაფერია.

პლიუსები:
1. ზღვა სულ განსხვავებულია… გუდაუთაში მწვანე ფერი დაჰკრავს, ბიჭვინთაში ფირუზისფერი. ზოგან წყალი გამჭვირვალეა.
2. მომეწონა გუდაუთის ქალაქის პლაჟი. სუფთაა. არის ნაგვის ურნები, ტუალეტი, კაფე, უფასო შეზლონგები.
3. შედარებით იაფი საზკვება.
4. ბუნება მშვენიერია.
თუ მინუსებზე თვალს დახუჭავ, აფხაზეთშიც კი შეიძლება დასვენება.

15 ივნისი, 2018
ევა ურმანი

 

2018 წლის აგვისტოში სოჩიდან ექსკურსიაზე წავედით აფხაზეთში. კოშმარი საზღვრისპირა ტუალეტებიდან დაიწყო. ბოდიშს გიხდით დეტალებისთვის, მაგრამ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ამ მხრივ კოშმარია. ტუალეტები ფასიანია, თუმცა ხარისხზე არ აისახება. რაც ვიყიდეთ ყველაფერი გადავყარეთ, დაფნის ფოთლის და ჩაის გარდა. ჩურჩხელა დადნა და ჩამოიღვენთა. თხილი დამტვრევის შემდეგ დამპალი აღმოჩნდა. 2 კილო ნაჭუჭიანი თხილიდან 100 გრამი გასუფთავებული თხილი ძლივს გამოვიდა. წითელი ღვინო ჩეგემი და რადედა, რომლებიც აქციზურ მარკიან ბოთლებში იყო სახლში გავხსენით და შევძრწუნდით. ვარდისფერი, დამტკბარი, ამღვრეული სითხე. თან ეს ბოთლები თვითმფრინავით, ჩემოდნით ვატარეთ. ყოველი კილო ოქროს ფასი ღირს. თანაც გამყიდველმა, რომელმც ღვინო მოგვყიდა გვითხრა, როგორ გველოდებიან ჩვენ, რუსებს რომ თავისი შესანიშნავი საქონელი მოგვყიდონ. რა თქმა უნდა, ბუნებით და ახალი ათონის მღვიმეთი აღფრთოვანებულები დავრჩით, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი… საშინელებაა. რისი იმედი აქვთ აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომ ტურისტი ჩამოვიდა და ყველაფერში შეიძლება მოატყუო? ხალხო, ფრთხილად იყავით. არაფერი არ იყიდოთ. იქნებ ინტერნეტის ძალა დაეხმაროს ვინმეს. 

26 სექტემბერი 2018
ნადინი

 

ამაზე საშინელი დასვენება არ მახსოვს

ყოველთვის შეყვარებული ვიყავი აფხაზეთზე. მშვენიერი ფართე პლაჟები, გამაოგნებელი ბუნება, საოცარი ჰაერი, გემრიელი საჭმელი, კავკასიური სტუმართმოყვარეობა. მაგრამ წლევანდელი დასვენება ისეთი იყო, მტერს არ ვუსურვებ. ბიჭვინთაში, ზღვასთან ახლოს ვიქირავეთ ბინა, მაგრამ დასვენება ვერ მოვასწარით. იმავე დღეს გაგვქურდეს. საღამოს როცა სასეირნოდ წავედით ოთახში ფანჯრიდან შეძვრნენ. ნახმარი ნივთებიც კი წაიღეს, ელექტრონიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაფერს თან ხომ ვერ ატარებ? ან იმაზე ხომ ვერ იფიქრებ სად გადამალო, რომ ქურდმა ვერ იპოვოს? ტრუსების ამარა დაგვტოვეს კიარა, ტრუსებიც კი მოგვპარეს. საშინელ დღეში ჩავვარდით. როგორც მერე გაირკვა, ჩვენს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ჩვენი ზედა ბინა გაძარცვეს. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდა ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს. არადა, ერთი ბეწო ქვეყანაა და ყველა იცნობს ადგილობრივ ნარკომანებს და დამნაშავეებს. საზღვარზე მებაჟემ გვითხრა, რომ აფხაზეთში ქურდობა ისე ყვავის, როგორც არსად სხვაგან. ჩვენ იქ არასდროს აღარ წავალთ და არც ახლობლებს ვურჩევთ იქ წასვლას. არ მინდა დასვენებისას ნერვების წყვეტა. პრობლემები სახლშიც მეყოფა.


07 სექტემბერი 2018
ოლგა