ამ წუთებში რუსთაველის გაზმირზე ტაქსის მძღოლებისა და ლეიბორისტების აქციაზე ხმაურია. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაკავებულია აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს.
მათი განცხადებით, დამატებითი რეგულაციები მათ მდგომარეობას ართულებს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 11 აპრილს აქციას აანონსებს, ნათელაშვილის განცხადებით ის დათმობას არ აპირებს და ტაქსისტთა უფლებებს ბოლომდე დაიცავს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმა წარადგინა, კალაძის ინიციატივის მიხედვით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს მხოლოდ თეთრი ავტომობილების ქონის ვალდებულება ექნებათ, ამასთან, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება B კატეგორიის ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.














