რუსთავი 2-ის საქმე-რას ითხოვს 9%-იანი წილის მფლობელი

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. ნიჟარაძის ადვოკატმა მოთხოვნები ბრიფინგზე გაახმოვანა. ნიჟარაძე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. 

ყავლაშვილის განცხადებით, თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ. ნიჟარაძის მხარეს აინტერესებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და პარტნიორების პოზიცია მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

„შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა,. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს,“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ნინო ნიჟარაძე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს.