„რუსთავი 2“-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს – არა, – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.
“კომედი ჯგუფიდან“ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, სულ რამდენიმე ადამიანი წავიდა. დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას, ფიქრობენ ახალ იდეებზე და ისინიც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლით დაგვიბრუნდებიან.
ალბათ, რთულად წარმოგიდგენიათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სტრესი, რაც არხის თანამშრომლებმა გადაიტანეს იმის გამო, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს არხი დაანგრიონ, აქედან თანამშრომლები გაიყვანონ და მერე ქუჩაში უმუშევრად დატოვონ. ისინი ამ ადამიანების მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, ვინაიდან მათ მიმართ კვლავ განახლდება ის შეტევა, რაც იმ დღეს ხორციელდებოდა, როცა ჟურნალისტებმა ტელევიზია დატოვეს. ამიტომ დავიცავ მათ კონფიდენციალობას.
არ ვიცი ემუქრებიან თუ არა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, არხზე დარჩენილი თანამშრომლების მიმართ სხვასხვა ტიპის მოწოდებები, შეურაცხყოფები, ღალატში დადანაშაულება რომ ხდებოდა. ადამიანები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არ მინდა ეს განმეორდეს. მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ვიღაცებს სამმაგ ხელფასებს ვპირდებით და რომ ვიღაცებს ვურეკავთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები კვლავ დააშინონ, კვლავ შეუქმნან ისეთი პირობები და მოცემულობა, რომ მათ აქ დაბრუნება არ იფიქრონ.
კომპანიიდან, ალბათ, 10%-იც არ არის წასული. კომპანიას 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვალასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს – არა. ვიმეორებ, ძალიან დიდი ემოციური ფონი იყო, იყო ზეწოლის მცდელობა, შემოტევა ადამიანებზე“, – განაცხადა სალიამ.