„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გია ყრუაშვილი აცხადებს, რომ სრულებით არ არის სასურვლი, მესაკუთრეების ცვლილების შემდეგ „რუსთავი 2“ მთავრობის მიმართ ლოიალური გახდეს და ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტოს. მისი თქმით, ტელეკომპანიამ უნდა შეინარჩუნოს კრიტიკული ხედვა, მაგრამ ის უნდა გახდეს უფრო მიუკერძოებელი და აღარ უნდა შეასრულოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-ცენტრის ფუნქცია.
„რუსთავი 2“-მა უნდა გააშუქოს, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ საზოგადოებისთვის აქტუალური მოვლენები. თითოეულ თემაზე მაყურებელს უნდა მიეწოდოს განსხვავებული პოლიტიკური ძალების და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების კომენტარები. გარდა ამისა, აუცილებელია შეწყდეს ამ ტელეკომპანიის მხრიდან ეკლესიის და ტრადიციული ფასეულობების მიმართ ცინიკური და პროვოკაციული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, ხოლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უცვლელი დარჩება, „რუსთავი 2“ სარედაქციო დამოუკიდებულობასაც შეინარჩუნებს და ამასთან, მოახერხებს წლების წინ დაკარგული საზოგადოების პატივისცემის დაბრუნებასაც“, – აცხადებს გია ყრუაშვილი.
მის კომენტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.