რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც 20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა. ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.
გადაცემების ჩამონათვალში კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს, ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის, გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა, რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა. ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად გაგრძელდება.