რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ურჩევს.  “ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2.“ – ამბობს დვალი.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი2–ის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურაში წლებია ჩივიან, თუმცა მათ საქმეს პერსპექტივა აღარ აქვს. სწორედ მათგან გადაიფორმა თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2–ის წილი. რუსთავი2–ის საქმის სასამართლო დავის პროცესში ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ თუ კომპანიას დაიბრუნებდა, მის 50%–ს დვალს და აქიმიძეს აჩუქებდა, დავით დვალს კი დირექტორად დანიშნავდა, თუმცა რუსთავი2–ის დაბრუნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ეს დაპირება დაივიწყა. ირაკლი ოქრუაშვილი კი აცხადებს, რომ სინამდვილეში ქიბარ ხალვაში რუსთავი2–ის მფლობელი არასოდეს ყოფილა. ის მხოლოდ ნომინალური პირი იყო და სინამდვილეში კომპანია მას ეკუთვნოდა. ამ მიზეზით ოქრუაშვილი სასამართლოში ჩივის და რუსთავი2–ის დაბრუნებას აპირებს.