ცოტა ხნის წინ რუსთავი2 დატოვეს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობამ. ჯერჯერობით მათი ზუსტი სია უცნობია, თუმცა შენობიდან ერთად გამოვიდნენ არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები – თამარ ბაღაშვილი, ნათია გოქსაძე, ნათია ტრაპაიძე, ნინო გაზრდელიანი, მაია ლომიძე, დავით ქაშიაშვილი, ეკო მაღრაძე და სხვები და განაცხადეს, რომ თითქმის მთელმა გუნდმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიის დატოვების შესახებ.
“ხვდებით ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. ჩვენ აქ გვქონდა თავისუფალი სივრცე, თუ ეს სივრცე არ გვექნება ვეღარ შევძლებთ მუშაობას.“ – ამბობენ ჟურნალისტები.
ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდა არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზა. თუმცა ჟურნალისტები თვლიან, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ისინი ჯერ სამომავლო გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა სავარაუდოდ ისინიც ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ შეუერთდებიან.
დღეს მთელი დღის მანძილზე ეთერში არ გასულა კურიერის გამოშვებები. კურიერის წამყვანებმა ტელეკომპანია გუშინ საღამოს დატოვეს. მანამდე კი არხის ახალმა დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და წამყვანები: ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.