„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით“, განაცხადა თბილისის აეროპორტში საქართველოში დაბრუნებულმა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ის ამბობს, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის 10-ამდე ჟურნალისტს შეხვდება და სამაუწყებლო კომპანიის 80%-ს უსასყიდლოდ გადასცემს, რათა „მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერებაზე“.
„ივანიშვილს ტყუილად მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩალით დახურული. ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ ხვალ შევხვდე რამდენიმე ჟურნალისტს, 10-ამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80%, პირობითად ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ,იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერებაზე. ამ ჟურნალისტების ვინაობას, სათითაოდ ჩამოგითვლით ხვალ“– განაცხადა ოქრუაშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშს მისთვის „რუსთავი 2″-ის წილების დაბრუნება მოუწევს, რადგან ამბობს, რომ ხალვაში კომპანიის მფლობელი არასდროს ყოფილა და მას „რუსთავი 2″-ის მფლობელობაზე დავის უფლება არ ჰქონდა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით მას დავის დაწყება ლონდონის ან საფრანგეთის სასამართლოებშიც შეეძლო, თუმცა განმარტავს მიზეზს, რის გამოც „რუსთავი 2″-ის მფლობელობაზე ხალვაშთან ურთიერთობის გასარკვევად, ქართული სასამართლო არჩია.
ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს ხალვაშის წილების დაყადაღების მოთხოვნით უკვე მიმართეს. საფუძველი ის სამართლებრივი დავაა, რომელიც ხალვაშის მიერ ბერლინის შეთანხმების დარღვევის გამო დაიწყება.
შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც ქიბარ ხალვაშს ადანაშაულებენ, მისი იურისტი ყალბს უწოდებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ამ მოტივით და ხალვაშის მოთხოვნით კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული ამჯერად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა როგორც გაირკვა, 8 თვეა, ქიბარ ხალვაშმა კვლევისთვის საჭირო ნიმუშების დასატოვებლად ექსპერტიზაზე მისვლა ვერ მოახერხა.
დოკუმენტის ნამდვილობის გარკვევამდე კი ხალვაშის ინტერესების დამცველი და ახლა უკვე „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.