რუსთავში სამმა ადამიანმა მაღაზიის გამყიდველს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა საფასურის გადახდის გარეშე პროდუქტის მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს მაღაზიიდან თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, ე.წ. “ნისიით”პროდუქტი რამდენჯერმე აიღეს.მას შემდეგ კი, რაც გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის გაცემაზე, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს-ის ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. არიან დაკავებულები.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.










