რუსეთის პირველმა არხმა აჭარის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ბათუმზე და აჭარაზე თურქული “გავლენის გაზრდაზე“ საუბრობს. სიუჟეტის ტექსტი მკაფიოდ ანტიქართული, ანტითურქული და პროვოკაციულია. ნათელია, რომ სიუჟეტი ბოლო დღეებში განვითარებული პროტესტის საპასუხოდ მომზადდა და რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხს სურდა იმის ჩვენება, რომ საქართველოსთვის სინამდვილეში საფრთხე არა რუსეთი, არამედ თურქეთია. “ქართველები ისევ იქნევენ უკრაინულ და ქართულ დროშებს, კიდევ ევროკავშირის და აშშ–ს დროშებს დამაჯერებლობისთვის. და სანამ ჩვენი შინნაზარდი საქართველოში დასვენების მოყვარულები ფიქრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ყველაფრის მიუხედავად ამ მეგობრულ ატმოსფეროში, როგორ ჩაყვინთონ ზღვაში ან შეჭამონ, რათა მერე რამე რომ იყოს მრისხანედ დაადანაშაულონ რუსეთის ხელისუფლება, რომ ისინი ვერ დაიცვეს, თავად საქართველოში იზრდება დაძაბულობა ჯერ კიდევ შემორჩენილ რეგიონებს შორის“ – ამბობს სიუჟეტის შესავალში წამყვანი.
“აჭარა თურქულ რეგიონად გარდაიქმნება. ინტერესი აჭარის მიმართ 2.5 მილიარდი დოლარით არის გამყარებული, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ანკარამ ჩაასხა. ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი რაოდენობა – 15 %–იანი მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქული დიასპორაა. რბილი ძალა, რომელიც შესაძლოა დამპყრობლად იქცეს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში რუსი ჟურნალისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს.“– ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც ფაქტებზე მეტად შეფასებებზე და პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული.