7 ივლისს რუსულმა და ქართულმა ავიაკომპანიებმა ბოლო პირდაპირი რეისები შეასრულეს ამ ქვეყნებს შორის. ბიბისის რუსული რედაქციის კორესპონდენტმა სწორედ ამ ბოლო რეისით იმგზავრა მოსკოვიდან თბილისისკენ, მის მგზავრებს ესაუბრა და რეპორტაჟი გააკეთა.
რეპორტაჟი ვნუკოვოს აეროპორტიდან იწყება, სადაც თბილისის რეისზე რეგისტრაციისთვის უზარმაზარი რიგი იყო.
რეპორტაჟის ერთ–ერთი გმირი ალაა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. ბინა იყიდა და უკვე ქართულის სწავლა დაიწყო, თუმცა უჭირს. “ვცდილობ, მაგრამ ქართული რთული ენაა. ზმნას არასწორ ფორმაში ჩასვამ და ფრაზის მთელი აზრი იკარგება“.
რიგში ქალბატონი მარინაც დგას – ახალგაზრდა ექიმი, რომლის ქმარი ქართველია. ის ერთი წლის წინ მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა.
ალაც და მარინაც თბილისში ცხოვრობენ და რუსეთში წელიწადში რამდენჯერმე ჩადიან.
7 ივლისი ბოლო დღე იყო, როცა რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი რეისი შესრულდა. ივნისში დაწყებული ანტირუსული პროტესტის შემდეგ მოსკოვმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
ამიერიდან მოსკოვიდან თბილისში ჩასვლა გადაჯდომით ან ავტომობილით არის შესაძლებელი.
რეპორტაჟის გმირები – ალა და მარინა ახალ წესებს მშვიდად ხვდებიან: “არ მეშინია აკრძალვის. ადრე, წინა აკრძალვის დროს ერევნის გავლით დავფრინავდით. უბრალოდ თვითმფრინავში იცდი, არცკი ჩადიხარ და ისე მიფრინავ ერევნიდან თბილისში“ – ყვება ალა.
ის საქართველოში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც 2011 წელს პირდაპირი ფრენები განახლდა. მისი თქმით რუსულად საუბრის პრობლემა არასოდეს ქონია, გარდა ერთადერთი შემთხვევისა.
“მაღაზიაში შევედი. პური ვითხოვე ქართულად. გამყიდველმა რაღაც მკითხა, მაგრამ ვერ გავიგე და რუსულად ვუთხარი, არ მესმისმეთქი. მიყურებს და მეუბნება: და მე რატომ უნდა მესმოდეს?“ – იხსენებს ალა წლების მანძილზე ერთადერთ ინციდენტს.
ჩასხდომის რიგში ბევრი ტურისტია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა საქართველოში არ წასულიყვნენ.
“იქითა გზაზე გაგვიმართლა. პირდაპირი რეისით მივფრინავთ. უკანა რეისი გაგვიუქმეს. ამიტომ ბაქოს გავლით დავბრუნდებით“– ამბობს რამდენიმე მგზავრი.
თბილისისკენ მიმვალი თვითმფრინავი ბოლომდე სავსეა.
ბიბისის ჟურნალისტს თქმით თვითმფრინავში შიდა მაუწყებლობის საშუალებით ძირითადი ინფორმაციის გარდა ისიც გამოაცხადეს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან აიკრძალა. თუმცა მგზავრებს ისიც აუწყეს, რომ ქართველი გადამზიდავი კომპანია ერევნის გავლით რეისებს იწყებს, სადაც გადაჯდომის დრო 40 წუთი იქნება და შეგიძლიათ თვითმრინავიდან არც კი გამოხვიდეთ.
ბიბისის ჟურნალისტი წერს, რომ გზაში მგზავრები ბევრს საუბრობდნენ ქართულ ღვინოზე. მოსკოვი თბილისის ბოლო პირდაპირი რეისი კი თბილისში მაშინ დაფრინდა, როცა უკვე დაწყებული იყო რამდენიმე ასეული აქტივისტის საპროტესტო აქცია ტელეკომპანია რუსთავი2–ის შენობასთან, რომლის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.