სააკაშვილი 1 აპრილს კიევში ჩასვლას აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს. ეს განცხადება სააკაშვილმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს ჩატარდება. სააკაშვილი კი უკრაინაში ჩასვლას 1 აპრილს გეგმავს. სააკაშვილი თვლის, რომ მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა.

“ვაპირებ ჩავფრინდე ბორისპოლში. ეს ბილეთი ავიღე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გადავა. როგორც კი ის მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მესაზღვრეს არ მოუნდება შეასრულოს მისი ბრძანება და ქვეყანაში არ შემიშვას“ –განაცხადა სააკაშვილმა.

2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის სამართალდამცავებმა ის ქვეყნიდან გააძევეს. სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.