საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომში დაგეგმილ შეკრებამდე ხელისუფლების “მზაკვრულ გეგმაზე” მიუთითებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იტალიის ქალაქებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მისი სახელით სთავაზობს ხელისუფლება ფულს.
“მეგობრებო, ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ, მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130 დან 300(!) ევრომდე, რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა, მე ვიხდი ამ ფულს. მადლობა ღმერთს მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში. კიდევ ერთხელ, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან. შევხვდებით რომში”,წერს “ფეისბუქზე” სააკაშვილი.














