მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა. და ქართველების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა.
კარვების ქალაქის მცხოვრებლებმა საკუთარი პრობლემების შესახებ სააკაშვილს უამბეს და დახმარების თხოვნით მიმართეს.
მიხეილ სააკაშვილი მათ იურისტის აყვანას დაჰპირდა.
„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები, ქურდებს ფული ჰქონდათ, რომ ადვოკატები აეყვანათ, ჩვეულებრივ ხალხს დამცველი არავინ ჰყავს, ჩვეულებრივ ხალხს საქართველოში ძალით დეპორტით უშვებენ, გერმანიაში იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტის. რეალობა არის ისეთი, რომ ეს ხალხი ელემენტარულად დაუცველია. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რომ ამ ხალხს არ ჰქონდეს თავშესაფარი. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რომ ამ ხალხმა არ მიიღოს სტატუსი,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება და პროცედურები მას შემდეგ გართულდა, რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ქართველების კარვების ქალაქის შესახებ. მონპელიეში მცხოვრები ქართველები საფრანგეთისგან თავშესაფარს ითხოვენ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო იძულებული გახდნენ გადარჩენის გზები ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ მოეძებნათ.