მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, რომელშიც ამ გაადაწყვეტილებაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში დამაბრკოლებელი ფაქტორია.
“ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.