“ეს ჰალსტუხი პუტინს გადაეცით, ქართულ ჭაჭასაც გამოვუგზავნი”- სააკაშვილი რუს ჟურნალისტებთან საუბარს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიის წარმომადგენბლებთან მის საუბარს აქვეყნებს, რომელიც გუშინ პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლამდე შედგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, მას ვარშავიდან კიევამდე, თვითმფრინავში, რუსეთის ყველა მთავარი არხი ახლდა.

„რა აზრი აქვს რას ამბობს რუსეთი, იმდენ სისულელეებს ამბობს, რომ ჩვენ მას აღარ ვუსმენთ. რუსეთშიც იქნება ნორმალური ხელისუფლება, დემოკრატრია. ხედავთ, აქ ზელენსკი აირჩიეს. მე არ ვიცი – გყავთ ვინმე რუსეთში ასეთი? აი, მაგალითად, ამხანაგი გალუსტიანი, არ ვიცი ვინაა, მაგრამ იქნება არჩევნები, ხალხი იტყვის, რომ მობეზრდათ პუტინი და გალუსტიანი გახდება პრეზიდენტი, პუტინი კი დამსახურებულად წავა დასასვენებლად. არ მოგბეზრდათ ერთი და იგივეს ყურება 25 წელი? დემოკრატია საათივით მუშაობს, ხალხი თავად ირჩევს ვინც სურს და ვისაც საჭიროა, იმასაც თავად გააგდებს. პოროშენკო გააგდესო, ამბობთ რუსეთში – აიღეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ, ეს ხომ კარგია – ყელში ამოგივა ერთი და აირჩევ ახალს. ერთხელ მაინც გააკეთეთ თქვენც ის, რაც უკრაინამ გააკეთა, ამოისუნთქავთ. თქვენ თქვენს პოლიტიკას მიხედეთ ეხლა, რომ ნამდვილი ხელისუფლება გქონდეთ , მედია და თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ და ბინოკლით მეზობლებს აღარ უყუროთ.
მე ჩამოვედი კიევში და შემდეგი თბილისი იქნება, რადგან კიევი გზადაა, – როცა ვარშავიდან თბილისში მიფრინავ, კიევში ჩერდები. უკრაინა სავესეა სიურპრიზებით, ეს რუსეთშია ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი. როცა კიევსა და თბილისში ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და თქვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება, იქნება დემოკრატია, ახალი პრეზიდენტი – შეიძლება ქალიც, აუცილებლად ჩამოვალ და რჩევებს მივცემ მას. გყავთ თქვენ კომიკოსი ქალები? მიხედეთ თქვენს საქმეს, უზარმაზარი ქვეყანა ხართ – უკრაინა მეზობელია, გასაგებია რომ ის საინტერესოა რუსეთისთვის, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენი საქმე არ აკეთოთ. ეს ჰალსტუხი კი პუტინს გადაეცით, ქართულ ჭაჭასაც გამოვუგზავნი, ფეესბეს აგენტებისთვის გადასარევი საჩუქარია“- უთხრა სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებს.