მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩავიდა მიუნხენში, სადაც ხვალ ემიგრანტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ქალაქის ცენტრში მდებარე ხელოვნების ცენტრში მოძრაობის “ერთად სახლში“ ევროპის კონფერენცია 12 მაისს 16 საათზე გაიმართება. სააკაშვილმა შეხვედრის წინ ვიდეომიმართვა ერთი კვირის წინაც ჩაწერა, რომელშიც ამბობდა, რომ მთელი ევროპიდან ჩასული ქართველები იმსჯელებენ ბევრ თემატურ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს გადარჩენას.
“როგორ პრაქტიკამ გვაჩვენა ივანიშვლის შნირები, მათივე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ვერ გულაობენ ესეთ ადგილებში. გერმანული პოლიცია ძალიან მაგრად იცავდა შეხვედრებს ჰანოვერში, ბერლინში და განსხვავებით ბელგიისგან და საფრანგეთისგან იქ იქნება აბსოლუტური წესრიგი, რომ კარგად ვიმუშაოთ. “ – ამბობდა სააკაშვილი.
დღეს კი სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსელფი გამოაქვეყნა, რომელიც მიუნხენის აეროპორტშია ჩაწერილი.
“მრავალი ასეული ჩვენი მემამულე ჩამოდის მთელი ევროპიდან და ამერიკიდანაც, რათა განვიხილოთ ეკონომიკის საკითხები, დემოგრაფიის საკითხები, კულტურა. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება და კონცეპტუალურად გამართული დისკუსია გვინდა გვქონდეს საქართველოს გადარჩენაზე, საქართველოს მომავალზე. “– ამბობს სააკაშვილი