ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის ხალხის აზრი აინტერესებს და მოუწოდებს მხარდამჭერებს დააფიქსირონ პოზიცია, ითანამშრომლოს თუ არა სააკაშვილმა კიევის მოქმედ მერთან.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილი თანამშრომლობის რისკებზე საუბრობს.
მისი თქმით, საკუთარ პარტიას „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ აქვს რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა,ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ, ამიტომ კლიჩკოს პარტიაში გაწევრიანება არჩევნებში მონაწილეობისთვის კარგი ბერკეტი იქნება.
სააკაშვილმა პარტია “უდარის” რეორგანიზაციაზეც ისაუბრა.
„თუ „უდარში“ წავალთ , ამ პარტიის განახლება. იქ ბევრი ისეთი პირია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავწმინდოთ პარტია. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების…ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების გარეშე დარჩეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დახმარება სჭირდება, მათ შორის პარლამენტში, ასევე ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყო და პროცესში ჩავერთოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, კიევის მოქმედმა მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ლიდერობა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა პარტიას.