სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს იმედი აქვს, რომ მისი მოქალაქეობის საქმე 21 აპრილის შემდეგ დაჩქარდება

უკრაინის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა შესაძლოა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, ანუ 21 აპრილის შემდეგ ადგილიდან დაიძრას და დაჩქარდეს. ასე თვლის სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.
მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ 21 მარტს უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ–საკასაციო პალატას მიმართა მოთხოვნით მიაწოდონ ინფორმაცია გრაფოლოგიური ექსპერტიზის შედეგების შესახებ მ. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორმევის საქმეში და ასევე მიაწოდონ ინფორმაცია, რა სტადიაზეა ეს საქმე.
27 მარტს უმაღლესმა სასამართლომ ადვოკატს უპასუხა, რომ საქმის მასალების კიევის სასამართლო სამდიცინო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტებს სასამართლოში დასკვნა ჯერ არ გაუგზავნიათ.

“ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოები და სასამართლო უკვე 9 თვეზე მეტია აჭიანურებენ ექსპერტიზის შედეგებს სააკაშვილის ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად, რომელიც ჩინოვნიკებმა გააყალბეს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე. მოკლედ, ყველა პროცესი “დაპაუზებულია“, თუმცა გვაქვს იმედი, რომ 21 აპრილს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სასამართლო საქმე განახლდება და სააკაშვილის სასარგებლოდ გადაწყდება“– ამბობს ჩერნოლუცკი.
12 მარტს მიხეილ სააკაშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში 1 აპრილს დაბრუნდებოდა და თვითმფრინავის ბილეთიც შეიძინა. თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და მეორე ტურის შედეგებს ელოდება, რომელშიც მისი აზრით პოროშენკო დამარცხდება და უკრაინაში სააკაშვილის არშეშვების ბრძანება ძალას დაკარგავს. 2018 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და 2021 წლის თებერვლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.