შენების მოძრაობის ლიდერმა პალიტრის ეთერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, საქართველოსთან მის მიმართებაზე და იმ პოლიტიკური ძალების ამოცანებზე ისაუბრა, რომლებსაც ივანიშვილის წასვლა უნდათ, თუმცა სააკაშვილის დაბრუნება და პრორუსული ძალების აღზევება – არა.
უსუფაშვილი თვლის, რომ საქართველოს სააკაშვილისთვის არაფერი აქვს დასაბრუნებელი მოქალაქეობის საკითხში.
“ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თავისი თავისუფალი ნებით.
მან გააკეთა არჩევანი უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ და ამით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.მისთვის საქართველოში არავის არაფერი არ ჩამოურთმევია მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ამიტომ არც დასაბრუნებელია რამე.
უკრაინამ მისცა მას მოქალაქეობა, წინა პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით და მერე პოლიტიკური მოტივებით ჩამოართვა. ამიტომ უკრაინაში დაკარგული თუ მას უკრაინაში დაუბრუნეს ეს ნორმალური მოვლენაა და კი ბატონო, მშვიდობაში მოახმაროს მას უკრაინის მოქალაქეობა და სააკაშვილი უკრაინელ ხალხს თუ იქ რამეს გააკეთებს.
რაც შეეხება საქართველოსთან მის მიმართებას, მე არ მგონია რომ რამე შეიცვალა. მისი მომხრეები ისევე იყვნენ მისი მომხრეები როცა ის კიევში იყო, ოდესაში იყო თუ ბრუსელში იყო, როგორც ახლა იქნებიან, თუმცა რა თქმა უნდა ეს ფაქტი გაუხარდებოდათ.
აქ უფრო მნიშვნელოვანია ის ადამიანები რომლებმაც თავის დროზე დაასკვნეს და ძალიან მყარად დაასკვნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება არის დაუშვებელი ამ ქვეყნის პროგრესისთვის და ახლა ამ ხალხს ივანიშვილი მიერეკება უკან, ჯგუფ ჯგუფად უბიძგებენ, რომ ისევ იქნებ იქით გაიხედონ. ამ თამაშშია სწორედ პრობლემა და მე ამ საკითხზე მექნება ძალიან სერიოზული საუბარი კოლეგებთან პოლიტიკურ წრეებში და არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, იმიტომ რომ როგორც ახლა საქმე მიდის, ის ხალხი ვინც ვთვლით, რომ ბიძინა შესაცვლელია მაგრამ არა მიშათი და არა რუსეთის დახმარებით, ჩვენ დღეს როგორც ვმოქმედებთ არის არასწორი და არაეფექტური.
მე მექნება ძალიან კონკრეტული კონსულტაციები, უკვე მაქვს, რა არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული გეგმა და ფორმულა როგორ დავაღწიოთ დღევანდელ მდგომარეობას თავი, რომ უარესში არ ამოვყოთ თავი. და ეს უარესი იქნება სააკაშვილის დაბრუნება და პრორუსული ძალების აღზევება. ამის ფორმულა არსებობს და ამაზე გვექნება ჩვენ მსჯელობა და ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ აღარ განმეორდეს ეს ყველაფერი, თორემ ორ კვირაში ერთხელ არ დაილევა მორიგი მაგალითები იმისა, რომ სახელმწიფო ვერ სახელმწიფოობს, ადამიანები რომლებსაც საჭე უპყრიათ ხელში ქვეყნის, სინამდვილეში არ უპყრიათ და ქვეყანას მიაქანებენ იქით–აქეთ და უნდა მოვახერხოთ, რომ არ შეანარცხონ რამეს. “– აცხადებს უსუფაშვილი.