ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების მიმართ იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც სამხრეთოსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ
„ამ ადამიანებზე – 76 პირზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. აგვისტოს აგრესიის ტრაგიკულ მოვლენებში დამნაშავეების მიმართ საქმეებს არ შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულობის ვადა. ამ ადამიანებზე ყოველთვის დევნა იქნება. საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებს ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირი კავშირი აქვთ. სააკაშვილი დღეს ერთი ქვეყნიდან მეორეში დარბის და დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მხრიდან ამ დამნაშავის გარკვეული მფარველობა არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკელებიც და ევროპელებიც მიხვდებიან, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე – კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასება მიეცემა იმ დანაშაულებებს, რომლებიც ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების და ქართველი სამხედროების მიერ“, – განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა.