სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დატოვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.