“ევროპული საქართველო” ზეწოლის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს

“ევროპული საქართველო” მთაწმინდის ოლქში ვიდეოს ასაჯაროვებს, სადაც  პარტიის წევრებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება ხდება.  პარტიაში ამბობენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები პირები  კრიმინალური ავტორიტეტები არიან და მათ შეურაცხყოფა მიაყენეს „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, ნინო გოგუაძეს და ელენე ხოშტარიას.

ხოშტარიას თქმით, სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უყურებდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ.

„ჯამბულის ქუჩაზე პირადად ვიმყოფებოდით მე და ნინო გოგუაძე, რადგან აქ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყველა უბანზე მოაწყო კრიმინალების მობილიზება. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ასეთ კრიმინალების მიერ ქალებზე ძალადობას უყურებდეს.

ბევრ უბანზე ხდებოდა იგივე. აქ იყო ე.წ. დობო, მისი მეგობარი გაგი მადოევი და კიდევ ბევრი კრიმინალური სახე. დემე, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და საარჩევნო საქმეებს უგვარებს. აქვე ჩანდა რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი. ანუ სიპები, აიპები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალური ავტორიტეტები, რომელიც დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან.

ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. რადგან როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ და ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე კრიმინალების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.