სოფელ ზერტში მდებარე საბავშვო ბაღში, აღსაზრდელები ბუნებრივ მოთხოვნილებებს სათლებში იკმაყოფილებენ.
ინფორმაცია „დიანიუსმა“ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ზერტის ბაღში მეორე სართულზე კუსტარული საპირფარეშო პლასტმასის სათლებით მოაწყეს.
ბაღის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ბაღი ნაქირავებ შენობაში მეორე სართულზეა, სადაც საპირფარეშო არ არის. გარეთ ბავშვების ჩაყვანა ზამთარში უჭირდათ. ტუალეტი ეზოშია, თუმცა უნიტაზის გარეშე.
ბაღში 114 ბავშვია და მხოლოდ 7 საწოლი დგას, რაც იმას ნიშნავს, მოზარდების უმეტესობა ძილს ვერ ახერხებს. მშობლები, ამბობენ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამიტომ პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ.
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ სათლებით მოწყობილი კუსტარულ საპირფარეშოში შესახებ თავიდანვე იცოდა და აღნიშნა, რომ ქოთნების შეძენას განიხილავენ.
გარდა ამისა, შენობაზე, რომლის მეორე სართულზეც საბავშვო ბაღია განთავსებული, კომუნისტური ლოზუნგებიცაა გამოფენილი. ქოთნებზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ დილა-საღამოს ბავშვები სტალინის ანფასს შეჰყურებენ.