მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა.
გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ პირველი სხდომა ტექნიკურ დეტალებს ეხებოდა.
„პრემიერისგან მივიღეთ დავალებები. მე საბჭოს წევრებს გავაცანი უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა როგორ წარმოგვიდგენია. უახლოეს მომავალში საბჭო ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8 წევრისგან შედგება. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.