საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დამონტაჟდება

კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება და ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების  რეგულაციებიც ამოქმედდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით,  საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორების დამონტაჟებასთან დაკავშირებით შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

„მე ამაზე მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, ვინც უნდა გააკეთოს ეს რეგულაციები. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი თუ როგორ ვხედავთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით მიხდება ეს ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. აუცილებელია, შესაბამისი სენსორების დაყენება, რომელიც უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, რომ თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. თუმცა, მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი სიფრთხილე. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ კუსტარულად დაყენებული გამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაზი ჟონავს, ადამიანი ვერ გრძნობს სუნს და ძალიან ბევრია ინტოქსიკაციის ფაქტები და უბედური შემთხვევები. მე როდესაც ვიცი, რომ ის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, ოჯახით, შვილებით ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება მექნება. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდანაც მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება იყოს. ცვლილებები როდის შევა ძალაში, ამაზე კონკრეტულად შეგიძლიათ ენერგეტიკას ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და შევჯერდით, გვაქვს პოზიცია თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ძალიან მალე, წლის ბოლომდე ეს რეგულაციები ამოქმედდება“, – განაცხადა კახა  კალაძემ.