სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი და კვერცხი სააღდგომო დღეებში -სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) მოსახლეობას სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთ საეჭვო ადგილებში ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური პირობები.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ახორციელებს.

სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა.კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს ყურადღებით გაეცანონ ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.

ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე გარემოებას:

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან (“წარმოშობა − საქართველო”), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება

ხოლო კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს:

კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე.
მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს -— სასურველია დაცული ხელებით;
იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას.