სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს – ეს განცხადება მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სერგეი გავრილოვმა გააკეთა. რუსი დეპუტატის განცხადებით, პროტოკოლის თანახმად, საპატიო ადგილი ასამბლეის თავმჯდომარისთვის არის გამოყოფილი.
“ვთვლი აუცილებლად, რომ საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ განსაზღვრონ პასუხისმგებლობა ამ ექსტრემისტების. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით,”- აცხადებს გავრილოვი.
რუსმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ქართველი ხალხი ექსტრემისტებს საკადრის პასუხს დაუბრუნებს.
” დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, შიდა პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად ექსტრემისტებს საკადრის პასუხს გასცემს, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას და იზოლირებას ცდილობენ,”- აღნიშნა გავრილოვმა.
სააგენტო “ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში გავრილოვმა თბილისში მიმდინარე აქციას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.