საერთაშორისო კრიტიკა გროვდება და საბოლოოდ წითელი ბარათი იქნება- ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აფასებს და ამბობს, რომ საერთაშორისო კრიტიკა გროვდება და იქნება წითელი ბარათი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს არჩევნების ლეგიტიმურად ცნობაზე გავლენას მოახდენს.

,,ასე რომ გააბრაზებ მეგობრებს, ის ვინც მეგობარი არ არის, რა განწყობაზე დადგება?! ხელისუფლების განცხადებების შემდეგ, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ხასიათი არ აქვს, მოყვა კრიტიკა. ასევე, მომავალშიც, თუ ვერაფერზე, ვერც ერთ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებზე, რომელმაც უნდა ცნოს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი.

ბესელია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას 100/50-ზე არ დაეთანმება, თუმცა მოლაპარაკებებს გააგრძელებს. 

,,ეს ვერ მოხდება. ეს არ არის პირობა. ეს არის ულტიმატუმი და უტიფარი პოზიციის დემონსტრირება. ამიტომ შემდეგი შეხვედრა, რომელიც იმედია შემდეგ კვირას გაიმართება, ნათლად გამოაჩენს აქვს აზრი ამ მოლაპარაკებებს და რაიმე კონსენსუსამდე მივა თუ არა ეს პროცესი. ჩვერ ჩვენი ვერსია გვაქვს”, – განაცხადა ბესელიამ.