საფინანსო სერვისები საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეიზღუდება- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საფინანსო სექტორი მომსახურების სრული სპექტრის მიწოდებას აგრძელებს დაწესებული შეზღუდვების პირობებში და გააგრძელებს მაშინაც, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

,,საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”,- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას მოერიდონ და მიმართონ ინტერნეტ გადახდის სერვისებს.

ეროვნული ბანკი საფინანსო ინსტიტუტებს ურჩევს, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში ფიზიკური კონტაქტი მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის დისტანციის დაცვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, უნდა დაიკეტოს. პრემიერის თქმით, ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.