მშრალ ხიდზე, ქვაფენილის რეაბილიტაციის დროს, საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფეისბუქზე დავით ჩაჩანიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, საფლავები 1800-იანი და 1900-იანი წლებითაა დათარიღებული.
“მშრალი ხიდის ქვაფენილი რეაბილიტაციისთვის აყარეს და საფლავის ქვები ყოფილა. მინიმუმ შესასწავლია. მშენებელს ვუთხარი, რომ არ გადაყარონ და ვისაც ეკუთვნის, მიხედოს. ხმა მიაწვდინეთ”, – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
„ტფილისის ჰამქრის“ წევრი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომუნისტები გაუქმებული სასაფლაოების ქვებს აქტიურად იყენებდნენ, სამშენებლო მასალად.
“ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ამ საფლავის ქვებთან დაკავშირებით, როგორც იცით კომუნისტები გაუქმებული სასაფლაოების ქვებს აქტიურად იყენებდნენ, სამშენებლო მასალად. ამ ეტაპზე ყველა ასეთი ქვა დაინომრა და დასაწყობდა, იქვე. მთავარია, რომ ეს ქვები არ გადაიყრება. საბოლოო გადაწყვეტილება თავად მემორიალური ქვების კვლევის შემდეგ იქნება მიღებული.
საფლავის ქვები ქვაფენილად – ესეც ამ ქალაქის ტრაგიკული ისტორიის ნაწილია.” – წერს ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.