ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა. მასშტაბური კერები დაახლოებით იმ ფართობისაა, რაც საფრანგეთის სახელმწიფო. შესაბამისი ფოტო-შედარება Google-ში ვრცელდება. ამაზონის ტროპიკული ტყის ფოტო სატელიტითაა გადაღებული.
ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა.
მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტიქიის ზონისგან შორს მდებარე პუნქტებში დაკვამლიანება დაიწყო.
მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.